საქართველოს მედია-კომუნიკაციის სპეციალისტების პეტიცია
ძალა ერთობაშია!
ჩვენ, მედია-კომუნიკაციის სპეციალისტები, მედიასაშუალებებში დასაქმებულები, მედიამკვლევრები, PR სპეციალისტები, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ვგმობთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, არაადამიანური მოპყრობისა და ძალადობის ნებისმიერ ფორმას, განსაკუთრებით ჟურნალისტებზე თავდასხმას, რაც ხელყოფს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას და შეუძლებელს ხდის პროფესიული საქმიანობის განხორციელებას.
კატეგორიულად მოვითხოვთ:
1. დაუყოვნებლივ დაისაჯოს ყველა, ვინც საპროტესტო აქციების დროს ძალადობს ჟურნალისტებზე!
2. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უკანონოდ დაკავებული ყველა დემონსტრანტი!
3. დაინიშნოს ახალი არჩევნები და უზრუნველყოფილ იქნას მისი თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება.
ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის უალტერნატივო გზა ახალი არჩევნებია. მიუკერძოებელი მედია კი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია.
საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან მომდინარე პროცესები, კერძოდ კი, ე.წ. ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა” თუ ,,ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონების ინიცირება, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას, აჩენს მედიასაშუალებების ცენზურის რისკებს, შეუძლებელს ხდის პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით ჟურნალისტურ საქმიანობას.
ჩვენ გვჯერა, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, როგორც წარუვალი და უზენაესი ადამიანური ფასეულობების დაცვა ევროინტეგრაციისკენ უპირობო სვლით, თავისუფალი სასამართლო სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებითაა შესაძლებელი.
ხელმომწერები
(განახლებადი)